Wmr2buqd4bxun4rrayesvw 650 80.png 6733467c7a7bb

პოლონურმა სტარტაპმა ჰუმანოიდი რობოტის მოძრავი ტორსი წარადგინა

2021 წელს პოლონეთში დაფუძნებულმა სტარტაპმა Clone Robotics ჰუმანოიდი რობოტის მოძრავი ტორსო შექმნა, რომელიც საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება. მისი ვიდეო YouTube-ზე ახლახან გამოაქვეყნეს.

გუნდი ბიომიმეტიკურ რობოტებზე მუშაობს, ანუ მოწყობილობებზე, რომლებსაც ცოცხალი ორგანიზმების მსგავსი მოძრაობა, სიძლიერე და მოქნილობა ახასიათებს. მაგალითად, კომპანიის პირველი რობოტი მექანიკური ხელია, რომელსაც ხელოვნური კუნთები და ძვლები აქვს. მათი მეშვეობით ის თითს მარტივად ატრიალებს და ბურთს მაღალი სიზუსტით იჭერს.

ჰუმანოიდი რობოტის ტორსი ისეთ მენჯზეა დამაგრებული, როგორიც ადამიანს აქვს. თავიც ჩვენის მსგავსი ფორმისაა, მაგრამ სახე არაა გამოკვეთილი. მასზე თეთრი მატერიაა გადაკრული, ხოლო დაბლა ასევე ღია შეფერილობის “ნეკნები” და მექანიკური ხელებია, რომლის მიმდებარედაც სადენები მოჩანს.

ინჟინრების თქმით, ტორსი წყლის სატუმბების მეშვეობით მოძრაობს, რომლებიც ელემენტებზე მუშაობს. ამისთვის მოწყობილობაში წყლის სპეციალური კონტეინერია მოთავსებული, საიდანაც სითხე მილების გავლით სხვა ნაწილებში ცირკულირებს. შედეგად, საკმარისი წნევა იქმნება იმისთვის, რომ ბიონიკური კუნთები და მყესები გააქტიურდეს.

როგორც ვიდეოში ვხედავთ, რობოტი დიდი მოქნილობით არ გამოირჩევა, მაგრამ გუნდში ამბობენ, რომ მის გაუმჯობესებაზე უკვე მუშაობენ. ისინი იმედოვნებენ, რომ მსგავს რობოტებს მომავალში წარმოებასა და ყოველდღიურ საქმიანობაში დავიხმართ, მაგალითად, ნივთების გადასატანად. შესაძლოა, მოწყობილობებმა პაციენტთა რეაბილიტაციის პროცესსაც შეუწყოს ხელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *